Wednesday, December 4, 2013

გამოფხიზლება

თოვლი,თოვლიო და აჰა თოვლი! მოვიდა და რა მოვიდა, მობუქა ,  მოყინა კიდეც, მალე კარგი სათხილამურო ამინდი რომ იქნება ზუსტად  ისე, მაგრამ ვაიმე და შუქი ჩაქრა, დიახ ჩაქრა, როგორ? როგორ და  წავიდა , დაგვტოვა, უკან რომ არ მოიხედა ისე ... დაღამდა, ქარბუქმაც იმატა, გაითიშა ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალება,   ელექტრო კვების წყაროებმა თავისი შესაძლებლობლები  ამოიწურა და ჩვენმა კომპიუტერებმა და მობილურებმა ცივად რომ ვთქვათ თვალები დახუჭე, ჩაილურის წყალი დალიეს....  და... დილით სკოლაში მოსული პატარები ( მარტო პატარები? ) ემოციებს ვერ მალავენ წუხანდელი საღამოდან, აღტაცებით ყვებიან უფროსი ოჯახის წევრების მონათხრობებს, ისტორიებს,  ადრეულ ბავშვობაში გადახდენილთ, თამაშებს, გართობებს, სიცელქეებს თუ სიხარულებს, ისტორიებს რომლებსაც თუ მოინდომებ ერთ წიგნადაც   შეკრავ დაბეჭდავ და დიდი ტირაჟითაც გაყიდი კიდეც , ყვებიან აღმოჩენებს წინა წლებში ადამიანების "მოქმედი არსებობის" შესახებ, უზიარებენ ახალ, თუმცა მოძველებულ ისტორიებს და კმაყოფილები არიან, გახარებულები სასიამოვნო მოგონებების მოძალებით გამხიარულებულები, გარეთ ცივა თუმცა გულში მშვენიერი დარია, დღეს ხომ განსხვავებული დღეა ყველა დღისაგან, თითოეული ჩვენგანისათვის განსხვავებული წარსულის მოგონებებითა და სიახლეებით დატვირთული. დღეს ფარის არც თუ ისე შორეული ცხოვრების  ისტორია გავიცანი. ზარიც დაირეკა, სკოლის დიდი ზარი, მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ სათუოა გამოიდაროს, ამ ზარს ხომ უშუქობის დროს იყენებენ თან მისი ჟღერადობის მიხედვით ამინდის ზუსტ პროგნოზს ადგენენ. დღეს ბგერა მრავალხმოვანი არ იყო, შესაბამისად ხვალაც განსხვავებული დღე გველოდება...ისევ დაღამდა და ...შუქი მოვიდა.

და რა იყო ეს ? გამოფხიზლება?

Friday, November 29, 2013

ტრადიციები

ლამპრობა

ზამთრის სუსხიანი დილაა... არა ჯერ ისევ ბნელა. გარეთ ხმაურია. ვიცი რომ ადრე უნდა ავდგე, დგეს ხომ სვანეთში ცეცხლოვანი ლამპრობა(ყოველი მეომარი თითო ლამპარით) _ მამაკაცების დღესასწაულია.... და მერე რა რომ მეომარი არ ვარ... წინასწარ ვიზრუნე _ ერთი ლამპარი ჩემია!... უკვე ავდექით, გორაზე გამოჩნდა მეზობელი თემის ცეცხლოვანი რაზმი, ეხლა ჩვენი ჯერია... ანთებული ლამპრებით მივემართებით სალოცავისაკენ. გარიჟრაჟზე სიჩუმეს ქათქათა თოვლზე მოსიარული მეომრები აკრთობენ... მიხარია მეც ხომ ერთ–ერთი მათგანი ვარ.... შემდეგ ლამპრები ერთდება, სინათლის სვეტი აღიმართება ცასა და დედამიწას შორის.... მამაკაცები თემის უხუცესთან ერთად მზისკენ შემართულები თავიანთი მეომრების გამრავლებისათვის ლოცულობენ.


ლიფანე
არამგონია კიდევ სადმე მოიძებნებოდეს ადგილი, სადაც გარდაცვლილ ადანიანს ასეთ პატივს მიაგებდნენ როგორც აქ მესტიაში. გარდაცვალების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 12 ლიფანე _ სულების მოხსენიების დღე, 12 საკლავით..  ოჯახში დიდი სუფრა იშლება, თემი იკრიბება,  ასაკოვანი მამაკაცები სუფრასთან ფეხზე დგომით სახით კარისაკენ ჭიქას უქცევენ გარდაცვლილს. ამ დროს შემოსასვლელ კარს აღებენ და გზას უთავისუფლებენ გარდაცვლილთა სულებს.

ერთი სამუშაო დღე 2012


დღეს ორშაბათია, ახალი სასაწავლო კვირის პირველი დღე, რომელსაც 6 გაკვეთილით ვიწყებ. მეორე წელია ამ ორომტრიალში ვარ, არ დავმალავ მიძნელდება, თუმცა გულს იმით ვიმშვიდებ, რომ  ვიცი ყოველი დღის დასასრულს ჩემს დღიურს რაღაც ახალი შეემატება, კვირის ბოლოს კი სამახსოვრო ხურჯინი საგრძნობლად დამიმძიმდება.
პირველი გამაფრთხილებელი ზარიც დაირეკა.... წავედი....
სამასწავლებლო _ ადგილი სადაც ყოველი გაკვეთილის შემდეგ თავს იყრის სასკოლო მარგალიტებით დახუნძლული მასწავლებლები, ბავშვური ლოგიკით გაჯერებული ამბები, რომელიც ახალისებს და ერთი–ორად უმსუბუქებთ ყოველდღიურ შრომაში ჩართულებს თავიანთ ყოფას. კვირის პირველი მარგალიტებიც გამოჩნდა_ პატარა ნიკასთვის დავალების შეუსრულებლობის მიზეზი დედის რჩევა–დარიგება გამხდარა: ბევრი არ დაწერო კალამი გაგითავდებაო. უფროსკლასელები კი, რომლებიც სასკოლო ცხოვრებასთან ერთად საოჯახო მეურნეობაშიც აქტიურად ჩართულან, მათემატიკურ გრაფიკებს თივის ზვინებად აღიქვამენ. სამასწავლებლო არის ადგილი, სადაც მუდმივად რაღაცის ძიებაში იბადება, იქმნება, იხვეწება ახალი იდეები და მათი განხორციელების გზები. კოლეგები _ დაუზარელი მრჩეველები, ერთმანეთის ჭირ–ვარამის გამზიარებლები.
დღეს მეათე კლასში პროექტზე ვმუშაობთ, გრაფების გამოყენებით ფარის თების სქემა უნდა შევადგინოთ. საინტერესო გაკვეთილია... მე პირადად ჩემთვის აქამდე უცნობი რამდენიმე სოფელი და მათი დამაკავშირებელი საცალფეხო თუ საავტომობილო გზა აღმოვაჩინე... ნამუშევრის შემფასებლები გაოცებულები არიან ნახაზის შესრულების სიზუსტით. კმაყოფილი ვარ გრაფის უნაკლო აგება ხომ პროექტში  უკლებლივ ყველა მე–10 კლასელის აქტიურმა მონაწილეობამ განაპირობა. კიდევ ერთი სიკეთე: ჩვენი მორიდებული ნამუშევარი დიდ პროექტს „ჩემი სოფელი“ შეუერთდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა...
ბოლო გაკვეთილი დაიწყო, მომშივდა კიდევ... მე–6 კლასში ვხსნი მთელის დაყოფას ნაწილებად. გადაღლილი ბავშვების დასაინტერესებლად და  საკითხის უკეთ გასაგებად სხვადასხვა მაგალითებს ვიშველიებ . რადგან ჩემ მოსწავლეებს სვანური სამზარეულო უფრო შესისხლხორცებული აქვთ, გადავწყვიტე მშობლიური ხაჭაპური დავთმო და მაგალითების მოყვანის დროს ადგილობრივი კერძები გამოვიყენო. ერთხანს დაფაზე ვჭრიდი და ვალაგებდი ნაწილებად მადისაღმძვრელ კუბდარს, ბოლოს მრავალფეროვნებისათვის გადავწყვიტე სიახლე შემომეტანა. აქაურ კულინარიაში გამოუცდელმა დიდის მონდომებით მოვხაზე მრგვალი ჭვიშტარი, ბავშვებს კი ვთხოვე 4 ტოლ ნაწილად გაეყოთ იგი. უეცრად კლასიდან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა , მოსწავლეები უარს მიცხადებდნენ დავალების შესრულებაზე _ ჯერ ერთი ჭვიშტარი ოვალური, მოგრძო ფორმისაა და მერე კიდევ არ იჭრება ერთიანად იჭმებაო.
გაკვეთრილებიც დასრულდა, რაღაც კიდევ დარჩა, პროექტი „ჩემი სოფელი“–ს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი: ინტერვიუ სოფლის უხუცესებთან. საქმეს გადადება არ უყვარს და მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად მივემართები თემის ქვედა სოფლისაკენ...
საოცარი ადგილია ქვემო ლუჰა, ენგურის პირას ფერდზე გაშენებული პატარა დასახლება, მჭიდროდ შეკრული, ძველი სვანური სახლებითა და კოშკებით დახუნძლული, თითქოს დროში გაჩერებულა მნახველთათვის ძველი ყოფის საჩვენებლად და ახლახანს განუახლებია ცხოვრება.... მოხუცია შოთა ბაბუ , მაგრამ კარგად ახსოვს წინაპართა ადათ– წესები, სოფლის შესახებ არსებული მითები თუ ლეგენდები. დაუზარლად უსასრულოდ შეუძლია გვესაუბროს მათ შესახებ. სასიამოვნოა მისი მოსმენა.... ბოლოს გაგვიმასპინძლდნენ....

დღევანდელი სამუშაო დღეც დამთავრდა, ვბრუნდები შინ დაქანცული, თან კმაყოფილი. ვემზადები ხვალისათვის. ვინ იცის რა სიურპრიზებს მიმზადებს მომავალი სასწავლო დღე.

ნოდარიშერები

უკვე მესამე წელია სვანეთში ვარ, თავიდან სოფელ ფარში განცალკევებულ ადგილას ნოდარიშერების თემში ვცხოვრობდი, საუცხოო ადგილია, 3 ოჯახისაგან შემდგარი პატარა სოფელი, ყველასაგან განცალკევებული.. სახლი სადაც მე ვცხოვრობდი პატარა სოფლის შუაშია დანარჩენ ორს შორის მოთავსებული, სახლის წინ ხეხილის ბაღია,ბაღში ხშირად ოჯახის ტრანსორტი ბორჯო ვირი დასეირნობს,  იქვე სახნავ-სათესი მიწა , ბოსტანი და სათიბები, ოჯახში დედა ცხოვრობს რომელიც სამ ობოლს ზრდის, მეუღლე რამდენიმე წლის წინ მოუკლა  ცნობილმა ომეხი აფრასიძემ, ქვრივია თუმცა მამაც ქალს ოჯახში მახშვის როლი აქვს შეთავსებული და მამულს მართლაც რომ ღირსეულ შვილებს უზრდის. ბაღის ბოლოს  თემის „ახალგაზრდა უხუცესის“ ბატონი მურადის სამფლობელო იწყება, მურადის ეზოში ძველი სვანური სახლი დგას, თავისის ინტერიერით მთლიანად აღწურვილი, ჭორად დადის დიდი თანხა შეუთავაზებიათ მურადისათვის ამ სახლის სანაცვლოდ, თუმცა მას, თავის წინაპართა ავლა-დიდების დამცველს, რათქმაუნდა უარით გაუსტუმრებია მავანნი, ეხლა აქ პირუტყვის სადგომია, მურადის სახლში ქალი არ არის თუმცა სახლს დიაცის ხელი არც დაჰკლებია, მურადთან ცხოვრობს ივანი _ „რუსი ...“ . და მესამე ოჯახი : მოხუცი ბებო და მისი ორი შვილი, ერთი ახლადდაქორწინებული პატარას მოლოდინში, ხოლო მე-2 წალკაში მცხოვრები სამსახურის გამო დროებით ბავშვობის კერას შეფარებული, შარშან აქ ქორწილში ვიყავი, ძალიან საინტერესო იყო... აქოურთ ტრადიციებით გაჟღენთილი. თემის ყველა ახსოვს წინაპართა ადათ წესები, ხშირად იცავენ თუმცა თანამედროვე ეპოქაში ღიმილით ასრულებენ მათ. ეს ნოდარიშერებია. წელს საცხოვრებელი შევიცვალე და ფარის ცენტრში გადმოვედი, აქ "ხალხმრავლობაა", ამჟამად კაბერიშერებში ვცხოვრობ.



ფარის ჭალა და ზგიმი


 აქაფებული მდინარე ორ მთას შუა  მოუყვება ღრმა ხეობას, მოგრიალებს, მიაჩქარება ენგურთან შესახვედრად, ხმაურიანია ფარის ჭალა, ხმაურიანი და თითქოს უწყინარი, მაგრამ არა ენგურივით დაუნდობელია, ეხლა ადიდებული სოფელ ღეშდერის ფართან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის წარტმევას ლამობს, უნდა მიართვას ენგურს და  შემდეგ  თითქოსდა პატივნაცემი ძმობილივით დაიმეგობროს და მასთან ერთად გაუყვეს დახვეულ გზას შავი ზღვისაკენ.

ხშირად მივუყვები ხოლმე გზას სადაც უწყინარი ტბა და ხმაურიანი ჭალაა, ბუმბერაზ მთებში ჩართული . მდინარის მეორე მხარეს  მჟავე წყალია, სვანეთის „ზგიმი“ გაზიანი მჟავე წყალი, უებარი წამალი ... რომელსაც ასევე ფარის ჭალა ძღვენად მიართმევს ხოლმე ენგურს, ენგური მაინც ბობოქარია თითქოს რაღაც აწუხებს, ეტყობა ვერ შველის არ ძალუძს მისი განკურვნა, ამ გზაზე ხშირად დადიან ხოლმე, განსაკუთრებით კი საღამოობით, მიდიან და თან მიაქვთ ჭოგრიტი, რომლითაც მთაში გაბნეულ საქონელს ეძებენ, კოორდინატებს აფიქსირებე, პოულობენ და მერე შინისაკენ მოერეკებიან . ბევრი ადგილი მინახავს მთებზე ჭოგრიტის დახმარებით, ბევრი სახელშერქმეული ქვა, რომელიც კლდეს მოუწყვეტია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაუმეტებია ენგურისათვის და ხარბად ჩაუკრავს თავის მკერდზე.ორბის ქვა _ თავისი მკაცრი თვალებით ზვერავს გამვლელებს და  იმუქრები აბა მიფრთხილდითო.ცხენის თავი _ თითქოსდა  შავი რაშით ამხედრებულ პრინც გადაურბენია და დროს შეუჩერებია, ცხენის ცხენად  დარჩენილა,ჭაბუკის თავი კი კლდეს მიუკრავს და პროფილი დაუტოვებია მთელს არეალზე.

ფარის ტბა



მიყვარს შემოდგომა ფარში, ყოველთვის ნაირფერი და საყვარელი… წელს უცნაური, ძალიან უცნაური ნაადრევად დაბერებული ... თითქოს წელიწადის დროები შეთანხმებულან და უხუმრიათ, უცნაურად მაგრამ ძალიან ლამაზადაც გამოსვლიათ, ერთ ღამეში ჯერ გაუჭაღარავებიათ, შემდეგ კი წითელ ყვითელი ფერებით დაუჯღაბნიათ და გაუწითურებიათ,მიყვარსვარს აჭრელებული ფარი და ფარის ტბა, როგორც ჩემი კოლეგა უწოდებს გუბე, თუმცა ძალიანაც ლამაზი და საყვარელი , წელს კი განსაკუთრებით .... ცისარტყელას ფერებში ჩაფლული.

Thursday, November 28, 2013

უშბა

და როდისაა სვანეთი ყველაზე ლამაზი?

გაზაფხულზე? _ როცა თოვლი დნება,ზვავების ჩამოსვლა იწყება , ბუმბერაზი კლდეები ზოლებიან სპორტულებს  რომ ჩაიცვამს. და როგორც მთებიდან  მოსჩანს თითქოსდა დედა ზვავის მიერ ძაფივით დართული ნაკადულები მოედინება, როდესაც სიცოცხლე ბრუნდება, თეთრი თოვლის საფარს ხავსი ეკიდება და ამ ხავზე სურნელოვანი, ათასფერი ყვავილები იშლება; ზაფხულზე?_  როდესაც აყვავებულ ბუნებაში ფერდობებზე აქა იქ შემორჩენილი თოვლი სვანეთის სიდინჯესა და სიმკაცრეს გვახსენებს,თუ მაშინ როცა ბუნება აჭახჭახდება, ყველაფერს  ალისფერი ედება და წითელ ყვითელ ფერებში ჭრელდება, ზამთარში? _ყველა და ყველაფერი სვანეთის დიდი დედოფლის თეთნულდის ახლო ნათესავად რომ იქცევა , გაყინულ ჩანჩქერებზე  წყალი  ლოლოებად რომ ჩამოეკიდება თითქოსდა ყინულის დედოფლის სამფლობელოსაკენ გვეპატიჟებიან.... და მაინც ....  წელიწადის ნებისმიერ დროს სვანეთი მაშინაა ყველაზე ლამაზი, როცა ღრუბლები გაიფანტება და სოფელ ბეჩოსთან მწვერვალ უშბის _ უკვდავი სვანური კოშკი თავისი სიდიადით მოეფინება მთელს არემარეს . ლურჯ ცაში თითქოს ეულად მაგრამ უშიშრად შეჭრილი ..
ვისაც უშბა არ უნახავს მას სვანეთის სილამაზე არ გაუგია, დიადია უშბა _პირველი უკვდავი სვანური კოშკი, ბუმბერაზი, მწვერვალთა მწვერვალი, თავისი დიდებით რომ მოუღერებია ყელი მნახველთათვის, მოლაპარეკე სარკე რომ დაუშტერებია ვინაა ყველაზე ლამაზიო. მართლაც ლამაზი, ლამაზთა შორის . სვანეთის და არა მარტო, საქართველოს დიდება. ვისაც უშბა არ უნახავს მას ჩვენი ქვეყნის სიდიადეზე არც კი სმენია.

მესტია

ზემო სვანეთი ანუ მესტიის რაიონი ენგურის ხეობაშია გადაჭიმულა, გამწარებული ჭიასავით დაკლაკნილი გზა მიუყვება მთების ნაპირებს, მთელს გზაზე ერთ მხარეს ხრამია და მეორედან კლდე დაგცქერის, თავდაპირველად ციცაბო და მიუვალი ადგილების გამო 10 გვირაბი გვხვდები, რომელთაგანაც 2 ახალია ხოლო 2-იც ადრეულ ხანაში სულ ხელით გამოუკვეთიათ კლდეში აქ მცხოვრებთა შორეულ წინაპრებს.  ხეობის დასაწყისში დაგუბებული ენგურია, რომელიც შემოდგომაზე ზურმუხტისფერდება, ეს ენგურგესია. ენგური სვანეთისაა,ამიტომაცაა აქ ელექტროენერგია უფასო J . გზადაგზა უზარმაზარი ლოდები გვეგებები,  კლდიდან მოწყვეტილან და  ენგურს არ წაყოლიან მაინც ვერ დაუთმიათ თავიანთი სამყოფელი, სწორედ ასეთმა ლოდმა გვიხსნა ერთ ზამთარს გზად მიმავალნი ენგურში და შემდგომ შავ ზღვაში ხანგრძლივი ვიზიტისაგან. გზაზე ბევრი ჩანჩქერია , როგორც ზოგი აღნიშნავს საკალმახეები , ჩანჩქერები შემოდგომაზე წყალუხვდებიან , და ხანდახან ისე ლამაზდებიან ,რომ  ნიაგარობასაც კი ჩემულობენ. ხეობაში შესვლასთან ერთად, იშლება ჩამოსასხმელი ნაყინის თავების მსგავსი მწვერვალებით დახუნძლული პეიზაჟები. გზაზე ბევრი ფოტოები და  პატარა ქვის კოშკები გვხვდება, სამწუხაროდ აქ წაროდგენილი სახეები ომში დაკარგული გმირები არ არიან. კოშკს ახალგაზრდად გარდაცვლილ მამაკაცებს უგებენ. ნათქვამია ზუგდიდიდან ჯვარზე რომ გადახვალ უკვე სვანეთიაო, გზად ხეობებზე შეფენილი , თუ ხეობებში ჩაძირული სოფლები გვხვდება. ზემო სვანეთი ორ ნაწილად იყოფა ბალს ზემოთ და ბალს ქვემოთ,  პირადად ჩემთვის კი ფარს ზემოთ და ქვემოთ, ფარს ქვემოთა სოფლები : იდლიანი ენგურს გაღმაა , ხაიში_ ცნობილი „არა  ხუდონჰესით“, ბარჯაში_ სტუმრად მომავალთა პირველი საკუბდრე. ჭუბერი _კოდოროს ხეობით აფხაზეთთან დამაკავშირებელი, ნაკრიდან რუსეთში გადადიან. ჯორკვალში კი ლეგენდის თანახმად თამარ მეფეს გაუვლია თავისი ჯორით და კვალიც დაუტოვებია. ლახამულა სოფელი რომელიც ცნობილია გზად თავისი მჟავე წყლით, წელს ლახამულაში სტიქიაა, მთაში დაგუბებული ტალახი ფელამუშის მდინარედ წამოვიდა და სოფელს მოედო. სამწუხარდ ნახევარი ლახამულა თხილის გულებივით ჩაიძირა  ცივ ლავაში. ლახამულას შემდეგ ფარია J. ფარს ზემოთ კი ეცერის „უღელტეხილი“, ოქროს ღელე _შავღელე  და ბეჩო, ბეჩოში - უშბა, სვანეთის ლეგენდარული უკვდავი ქმნილება, შემდეგ როგორც გზიდან მოსჩანს ხეობებს შორის ვაკეზე გაშლილი სოფელი ცხუმარი, მუდამ მზის სხივებით განათებული, ცხუმარის შემდეგ ისტორიული ძეგლებით დახუნძლული ლატალი ,სვანეთის თეთრი დედოფლის თეთნულდის პირველი გადასახედი, კოშკებით მორთული ლენჯერი, და რაიონალური ცენტრი მესტია, თამარ მეფის ძეგლით, ხიდითა და აეროპორტით. მესტიის ისტორიული მუზეუმით.  ცოტა ზემოთ 7 კმ-ში ჰაწვალი, ნაძვებში ჩართული სამთო სათხილამურო კურორტი, ჯერ მანქანით შემდეგ კი საბაგიროთი მიუყვები გზას ჰაწვალის მწვერვალისაკენ, უკვე გზად ერთიანად იშლება ყველა მთათა სისტემა რაც კი აქ ამოსვლამდე შეგხვედრია, ყველა მწვერვალი და რაც მთავარია, პირველად ბეჩოდან დანახული უშბა , მეორე მხრიდან თავისი 2 თავით, ჰაწვალის ბოლო წერტილი, პატარი ევროპული ადგილიდან გადაშლილი კავკასიონი, თეთნულდით- თეთრი დედოფლითა და  უშბის გვირგვინით შემკული, უკიდეგანო სივრცეში მძივებად  ასხმული  მწვერვალები,საქართველოს ბრილიანტები. ჰაწვალიდან დანახული საქართველო, მართლაც წყაროზე მიმდგარივით ცქერით წყურვილს რომ ვერ მოიკლავს, ყვავილების დედოფალი ორთავიანი უშბა ურიცხვი თანმხლები მძივებით, მართლაც რომ „პაწაწინა“ სამოთხეა.