Friday, November 29, 2013

ერთი სამუშაო დღე 2012


დღეს ორშაბათია, ახალი სასაწავლო კვირის პირველი დღე, რომელსაც 6 გაკვეთილით ვიწყებ. მეორე წელია ამ ორომტრიალში ვარ, არ დავმალავ მიძნელდება, თუმცა გულს იმით ვიმშვიდებ, რომ  ვიცი ყოველი დღის დასასრულს ჩემს დღიურს რაღაც ახალი შეემატება, კვირის ბოლოს კი სამახსოვრო ხურჯინი საგრძნობლად დამიმძიმდება.
პირველი გამაფრთხილებელი ზარიც დაირეკა.... წავედი....
სამასწავლებლო _ ადგილი სადაც ყოველი გაკვეთილის შემდეგ თავს იყრის სასკოლო მარგალიტებით დახუნძლული მასწავლებლები, ბავშვური ლოგიკით გაჯერებული ამბები, რომელიც ახალისებს და ერთი–ორად უმსუბუქებთ ყოველდღიურ შრომაში ჩართულებს თავიანთ ყოფას. კვირის პირველი მარგალიტებიც გამოჩნდა_ პატარა ნიკასთვის დავალების შეუსრულებლობის მიზეზი დედის რჩევა–დარიგება გამხდარა: ბევრი არ დაწერო კალამი გაგითავდებაო. უფროსკლასელები კი, რომლებიც სასკოლო ცხოვრებასთან ერთად საოჯახო მეურნეობაშიც აქტიურად ჩართულან, მათემატიკურ გრაფიკებს თივის ზვინებად აღიქვამენ. სამასწავლებლო არის ადგილი, სადაც მუდმივად რაღაცის ძიებაში იბადება, იქმნება, იხვეწება ახალი იდეები და მათი განხორციელების გზები. კოლეგები _ დაუზარელი მრჩეველები, ერთმანეთის ჭირ–ვარამის გამზიარებლები.
დღეს მეათე კლასში პროექტზე ვმუშაობთ, გრაფების გამოყენებით ფარის თების სქემა უნდა შევადგინოთ. საინტერესო გაკვეთილია... მე პირადად ჩემთვის აქამდე უცნობი რამდენიმე სოფელი და მათი დამაკავშირებელი საცალფეხო თუ საავტომობილო გზა აღმოვაჩინე... ნამუშევრის შემფასებლები გაოცებულები არიან ნახაზის შესრულების სიზუსტით. კმაყოფილი ვარ გრაფის უნაკლო აგება ხომ პროექტში  უკლებლივ ყველა მე–10 კლასელის აქტიურმა მონაწილეობამ განაპირობა. კიდევ ერთი სიკეთე: ჩვენი მორიდებული ნამუშევარი დიდ პროექტს „ჩემი სოფელი“ შეუერთდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა...
ბოლო გაკვეთილი დაიწყო, მომშივდა კიდევ... მე–6 კლასში ვხსნი მთელის დაყოფას ნაწილებად. გადაღლილი ბავშვების დასაინტერესებლად და  საკითხის უკეთ გასაგებად სხვადასხვა მაგალითებს ვიშველიებ . რადგან ჩემ მოსწავლეებს სვანური სამზარეულო უფრო შესისხლხორცებული აქვთ, გადავწყვიტე მშობლიური ხაჭაპური დავთმო და მაგალითების მოყვანის დროს ადგილობრივი კერძები გამოვიყენო. ერთხანს დაფაზე ვჭრიდი და ვალაგებდი ნაწილებად მადისაღმძვრელ კუბდარს, ბოლოს მრავალფეროვნებისათვის გადავწყვიტე სიახლე შემომეტანა. აქაურ კულინარიაში გამოუცდელმა დიდის მონდომებით მოვხაზე მრგვალი ჭვიშტარი, ბავშვებს კი ვთხოვე 4 ტოლ ნაწილად გაეყოთ იგი. უეცრად კლასიდან დიდი წინააღმდეგობა წამოვიდა , მოსწავლეები უარს მიცხადებდნენ დავალების შესრულებაზე _ ჯერ ერთი ჭვიშტარი ოვალური, მოგრძო ფორმისაა და მერე კიდევ არ იჭრება ერთიანად იჭმებაო.
გაკვეთრილებიც დასრულდა, რაღაც კიდევ დარჩა, პროექტი „ჩემი სოფელი“–ს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი: ინტერვიუ სოფლის უხუცესებთან. საქმეს გადადება არ უყვარს და მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად მივემართები თემის ქვედა სოფლისაკენ...
საოცარი ადგილია ქვემო ლუჰა, ენგურის პირას ფერდზე გაშენებული პატარა დასახლება, მჭიდროდ შეკრული, ძველი სვანური სახლებითა და კოშკებით დახუნძლული, თითქოს დროში გაჩერებულა მნახველთათვის ძველი ყოფის საჩვენებლად და ახლახანს განუახლებია ცხოვრება.... მოხუცია შოთა ბაბუ , მაგრამ კარგად ახსოვს წინაპართა ადათ– წესები, სოფლის შესახებ არსებული მითები თუ ლეგენდები. დაუზარლად უსასრულოდ შეუძლია გვესაუბროს მათ შესახებ. სასიამოვნოა მისი მოსმენა.... ბოლოს გაგვიმასპინძლდნენ....

დღევანდელი სამუშაო დღეც დამთავრდა, ვბრუნდები შინ დაქანცული, თან კმაყოფილი. ვემზადები ხვალისათვის. ვინ იცის რა სიურპრიზებს მიმზადებს მომავალი სასწავლო დღე.

No comments:

Post a Comment